კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
ოთარ შამუგია დაესწრო ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ხორბლის მოსავლის აღების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ფერმერს ხორბალი დათესილი აქვს 700 ჰა მიწის ფართობზე.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ფერმერებს პროცესების შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ორგანიზებულად მოხდეს ხორბლის აღება-დაბინავება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.