კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაცით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.

ამჯერად, ტრენინგი კახეთის რეგიონში ჩატარდა, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ გახსნეს და მასში მონაწილეობას იღებდნენ თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია.