ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში პირადი ვიზიტით ეცნობა

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის დელეგატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იყალთოს, რუისპირის, ახატელისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ პროექტებს და გამოიკვეთა ის საჭიროებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალში.
“ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.
აღნიშნულ სოფლებში მოძრაობს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურებიან მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას.
სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო სოფელ ვარდისუბანში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა ახალად აშენებულ საბავშვო ბაღში იზეიმეს. სოფელ რუისპირში ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და ახლო მომავალში რუისპირის მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი ექნება.
საბავშვო ბაღების გარდა, ასევე, მოწესრიგდა წყალმომარაგების და გზების ინფრასტრუქტურა.
შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ მოვისმინეთ ინფორმაცია, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.