თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანიდან იწყება, გაივლის სოფელ სანიორეს მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება სოფელ ნაფარეულთან. გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლოსამეურნეო სავარგულები. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, აფერხებდა გადაადგილებას.

 გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრატსრუქტურის სრულ აღდგენას: რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალურად მონიშვნის სამუშაოები.

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.“- საავტომობილო გზების დეპარტამენტი