თელავში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა

ახლად რეაბილიტირებული თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის თქმით, თელავს კიდევ ერთი, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა.

“დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც პატარა მკითხველებს და მათ მშობლებს განახლებული, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში უმასპინძლებს.

თელავში ძალიან აქტიური და განათლებული ახალგაზრდა თაობა იზრდება და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, იმისათვის რომ ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა შექმნას.

მადლობას ვუხდი თელავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის განახლებისათვის, დარწმუნებული ვარ, პატარა მკითხველების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბიბლიოთეკის პერსონალს გილოცავთ ახალ გარემოს და გისურვებთ მკითხველების გაზრდილ ნაკადს.”– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი აღნიშნავს, რომ საბავშვო ბიბლიოთეკას წლების განმავლობაში ბევრი დაბროკლების გადალახვა მოუხდა.

,,თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა 85 წელია ემსახურება პატარებს. ამ წლების განმავლობაში, არაერთი დაბრკოლება შეექმნა დაწესებულებას, თუმცა ბიბლიოთეკარების დაუღალავი შრომის შედეგად დღევანდელ შედეგამდე მოვიდა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 36 000 -მდე ეგზემპლარს მოიცავს და ყოველთვიურად დაახლოებით 200 ბავშვს ემსახურება.”– ლევან ანდრიაშვილი.

პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყო ეზო, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა.

მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვალა კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით დაფინანსდა.