თელავში ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, თელავში, ახლადრეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსა, რომლის პარალელურადაც კორტებმა წლის პირველ საერთაშორისო ტურნირს – Telavi Open – ს უმასპინძლა. ქალაქში ათეულობით ქვეყნის 100-მდე მოთამაშეა ჩამოსული.

კორტების გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორტების რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის, ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. ამასთან, განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა, 3 900 062 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თელავის კორტები განახლებული ინფრასტრუქტურით, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომ შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურულ კორტებზე მსოფლიო სტანდარტის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.