თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი.
საკრებულოს ცნობით, თელავი ერთ-ერთი პირველია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის მიზნით შეიმუშავა მუნიციპალური დოკუმენტი. პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად ჩართული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ამასთანავე საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, ავტობუსების გაჩერებებზე მოდერნიზირებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების მოწყობის ორგანიზების შესახებ დაიწყო თემატური მოკვლევა და დაინიშნა მოკვლევის ჯგუფი.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ბურდიაშვილის განმარტებით, თემატური ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა, პრობლემების შესწავლა და რეალურად ქმედითი რეკომენდაციების შემუშავება.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის საპროექტო იდეები.
საპროექტო იდეების მიხედვით ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის ქალაქ თელავში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების, ასევე ცივის მთის კალთებზე ტურისტული საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობა.
„საკრებულოს სხდომა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მივიღეთ, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტია. საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტის მიღების მიზანია ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა.
გარდა ამისა, რაც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, საკრებულომ დაიწყო თემატური მოკვლევა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიაში უპრეცედენტოა. თემატური მოკვლევის ჯგუფი ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დადებს დასკვნას. ჩვენი მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეს, თავისი მოსაზრებები და მიდგომები გაგვიზიაროს, რათა შემდგომში ჩვენ საშუალება მოგვეცეს, შევიმუშაოთ ისეთი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც რეალურად ქმედითი იქნება და სადაც მოსახლეობის ინტერესები და საჭირობები მაქსიმალურად იქნება ასახული.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა.