თელავის მუნიციპალიტეტმა დამეგობრებული ევროპული ქალაქების ჩართულობით ფორუმს უმასპინძლა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, წინანდალში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამეგობრებული ქალაქების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის პროფესიული კოლეჯის, თელავის ტექნო პარკის, GIZ-ის ჩართულობით ფორუმს სახელწოდებით „თანამშრომლობა პარტნიორ ქალაქებთან“ უმასპინძლა.

დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები თელავს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუმრობენ.

თელავში ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის ქალაქების, ანიკშჩაისა და კედაინიაის, ისრაელის ქალაქ აფულასა და გერმანიის ქალაქ ბიბერახის წარმომადგენლები იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ფორუმს საქართველოში ლიეტუვის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრაც ესწრებოდა.

მერიის ცნობით, ფორუმის მიზანს, თელავსა და დამეგობრებულ ქალაქებს შორის, პარტნიორ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება წარმოადგენდა.

დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას ფორუმზე მასპინძელმა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა მიმართეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მადლობა გადაუხადა ფორუმში ჩართულ ორგანიზაციებსა და მონაწილეებს, ნაყოფიერი შეხვედრისთვის.