პროექტის, „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივების მიღება დაიწყო. პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, მოითხოვს მოქალაქეთა ჩართულობას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.
“თუ გაქვს იდეა, რა უნდა გაკეთდეს შენს დასახლებაში, ეს პროექტი შენთვისაა. ჩაერთე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში, მოიფიქრე საპროექტო იდეა, შეავსე განაცხადის ფორმა და წარუდგინე მერიას.
საპროექტო წინადადების სავარაუდო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. შემოიკრიბე თანამოაზრეები და იზრუნე შენი იდეის გამარჯვებაზე.
კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპროექტო წინადადება:
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას – 100 000 ლარს;
წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
გამარჯვებული პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
გადადით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა.
https://docs.google.com/…/1FAIpQLScFsgxSYBPAzQvAA…/viewform…
გაითვალისწინეთ, საპროექტო წინადადება, რომელიც სრულყოფილად არ იქნება შევსებული, არ განიხილება.
მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
მოსახლეობის მიერ, ელექტრონული კენჭისყრის გზით, შეირჩევა ერთი საპროექტო იდეა ქალაქ თელავში, ხოლო დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე მეტი ხმის მქონე ერთი ინიციატივა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 12 აგვისტომდე.