თელავის ეკონომიკური განვითარების გეგმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა

თელავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტმა ინოვაციური მეთოდოლოგიის – სამოქალაქო ლაბორატორიის (CivicLab) გამოყენებით საჯარო კონსულტაციები ჩაატარა, რომელშიც კერძო, საჯარო, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების გახსნას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად დაესწრო.

მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

,,სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მოქალაქეთა ჩართულობა არის თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი დემოკრატიის განმსაზღვრელი. ვფიქრობ, დღევანდელი დღეც ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეეების ურთიერთთანაშრომლობის გაღრმავების საქმეში. თითოული მოქალაქის ინიციატივა დასაფასებელი და საყურადღებოა ჩვენთვის და აქაც ამიტომ ვართ შეკრებილნი, რომ ერთად დავგეგმოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების გეგმა.

 მადლობას გიხდით დღევანდელი ღინისძიების ორგანიზებისათვის, მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც გამოთქვა მზაობა პროექტში აქტიური ჩართულობისათვის. მჯერა, ურთიერთთანამშრომლობით უფრო სწრაფი ტემპით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას.,, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, შემუშავდა წინადადებები თელავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმისთვის.

პროცესი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში,, ფარგლებში.