თელავის დრამატულ თეატრს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კულტურის მინისტრის, მაია ბითაძის განცხადებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის მიზანიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცის შექმნაა.
მაია ბითაძე თელავის თეატრს ეწვია და შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს თეატრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ.
ამჟამად თეატრის შენობა, რომლის საერთო ფართობი 4 703 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავარიულ მდგომარეობაშია.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შევქმნით თანამედროვე სტანდარტების თეატრალურ სივრცეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის“, — განაცხადა მაია ბითაძემ.
მინისტრის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ თელავს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, განახლებული თეატრალური სივრცე, რომელიც დასს საქმიანობის გაფართოების, საერთაშორისო ფესტივალებისა და უცხოური თეატრალური დასების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და ტურიზმის განვითარებას.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულყოფილ კვლევას, არქიტექტურული ავთენტურობის დაცვასა და თეატრის თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაციას. ასევე, მოეწყობა მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემები.
თელავის თეატრში კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.