სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაული – ნოვრუზ ბაირამი და რამაზან ბაირამი მიულოცა.
ღონისძიებაზე კაბალის თემის მოსახლეობას სიტყვით მიმართეს – პარლამენტის წევრებმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მამუკა ბურდიაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კაბალის თემის მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.
„ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის და მათი ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, ვეწვიეთ სოფელ კაბალს, საიდანაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, დაგვიანებით ვულოცავთ ამ უძველეს და ულამაზეს დღესასწაულს; ასევე გამოვხატავთ დაფასებას იმ თანაგრძნობის და ღირსეული დამოკიდებულების გამო, რაც ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოავლინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გლოვის უმძიმეს დღეებში, მათ შორის მათთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაუქმებით. შეხვედრა განსაკუთრებით თბილ ატმოსფეროში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც აღვნიშნეთ, რომ ამგვარი ეროვნული ერთობა ეფუძნება ერთმანეთის თანადგომის, პატივისცემის, ტოლერანტობის იმ ღირებულებებს, რაც ისტორიულად აერთიანებს და მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და განამტკიცებს ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამის და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს- ნოვრუზ ბაირამს. წელს აღნიშნული დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, ჩვენი პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. გულითადად ვულოცავ მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს დღესასწაულებს. მშვიდობას, ბარაქასა და კეთილდღეობას ვუსურვებ,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.