Via supervadet vadens.
მხოლოდ მიმავალი გაივლის გზას.
დღეს ძალიან ხშირად არის საუბარი მოტივაციაზე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მოტივაცია არის უმთავრესი ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში კი რატომღაც ნაკლები ყურადღება ეთმობა დისციპლინას.
მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის სასტარტო პოზიცია. ამავე დროს მოტივაცია წარმავალი და ეფემერულია: დღეს გაქვს მოტივაცია, ხვალ არ გაქვს, ზეგ ისევ გაქვს, მაზეგ ისევ არა და ა.შ. მოტივაცია, განსხვავებით დისციპლინისაგან, ემოციაა და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა ემოციის მუდმივი შენარჩუნება. ამავე დროს კი დისციპლინა არის აზროვნების შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ გონების ძალით მისი გამომუშავება შეიძლება. მოტივაცია გვაწყებინებს საქმეს (იქნება ეს ბიზნესპროექტი, ფიზიკური ვარჯიში, სიგარეტისთვის თავის დანებება და უამრავი სხვა რამ), მაგრამ დისციპლინა გვამთავრებინებს ამ საქმეს. მოტივაცია გვისახავს მიზანს, მაგრამ დისციპლინა იმუშავებს მის შესრულებაზე. დისციპლინაზე შენს განწყობას, ხასიათს თუ ემოციას გავლენა არა აქვს – მე დღეს, რაც არ უნდა იყოს, ვდგამ ამ პატარა ნაბიჯს, ხვალ ისევ, ზეგ ისევ და ა.შ. მოტივაცია პოპულარულია, რადგან მოტივაციის ეიფორიაში ყოფნა სასიამოვნოცაა და ადვილიც. საზოგადოებაში, სადაც თითქმის ნორმაა მყისიერი დაკმაყოფილების, მყისიერი შედეგის მოლოდინი, სადაც იშვიათია რუტინა და თანამიმდევრულობა – დისციპლინა არ არის პოპულარული, რადგან ის მოითხოვს სისტემატურ ძალისხმევას.
როდესაც დაღლილობა, შიში და ეჭვი გვეუფლება (და ისინი აუცილებლად გვეუფლება და თან არაერთხელ), მაშინ მოტივაცია პრაქტიკულად უძლურია მათ წინააღმდეგ. მათი მომგერიებელი მხოლოდ დისციპლინაა, რუტინა, რომელიც ყოველდღიური ბევრი პატარა ნაბიჯისა და ქმედებისგან შედგება. ჩემი აზრით, 90% იმათგან, ვინც ჰყვება, თუ სულ როგორი მოტივირებული არიან თავიანთ საქმეში – შეგნებულად თუ შეუგნებლად, არ ამბობენ სიმართლეს. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ შეუძლებელია, ადამიანი გაუჩერებლივ – დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე – მოტივირებული იყოს. ძალიან, ძალიან ხშირად ადამიანს არ მოსწონს თავისი სამსახური, თავისი საქმე და ამ დროს რომელიმე ბიზნესმენტორი მოუწოდებს, რომ მან თავი უნდა დაანებოს სამსახურს, ნახოს სხვა სამსახური ან დაიწყოს თავისი ბიზნესი. რატომღაც ამ თვითდანიშნულ მასწავლებლებს ავიწყდებათ, რომ ადამიანებს თავისუფლების გარდა აქვთ პასუხისმგებლობა (პირველ რიგში, მათზე დამოკიდებული ხალხის მიმართ). ეს მენტორები ხშირად ასევე არ/ვერ ამბობენ ან ვერ იაზრებენ, რომ პასუხისმგებლობა თავისუფლების მედლის მეორე მხარეა. დისციპლინა გვაიძულებს წინსვლას და მუშაობას იმ დროს, როდესაც შენი მოტივაცია, ცნობისმოყვარეობა და აღტაცება აორთქლებულია. ჩემს ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც, მგონი, საკმაოდ მკაფიოდ ასახავს და გამიჯნავს ერთმანეთისგან მოტივაციას და დისციპლინას. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, ამესრულებინა ბავშვობის ოცნება და ავსულიყავი კილიმანჯაროს მწვერვალზე (ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ერნესტ ჰემინგუეის წიგნი წავიკითხე „კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალები“. მერე კი ამავე სახელწოდების ფილმი ვნახე, ჰოლივუდის ოქროს ეპოქის კინო, სადაც გრეგორი პეკი და ავა გარდნერი კაშკაშებდნენ). მწვერვალზე ასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ მომატებული ვიყავი წონაში და ვერაფრით ვერ მიმყავდა ბოლომდე ათასნაირი დიეტა. ვარჯიშზე ხომ საუბარიც ზედმეტია. როგორც კი გადავწყვიტე კილიმანჯაროზე ასვლა, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვიცოდი, რომ ამ წონით მთაზე ვერ ავიდოდი. ექვსი თვე მოვანდომე წონაში დაკლებას და სისტემატურ ფიზიკურ ვარჯიშს. შემდეგ კი წავედი ტანზანიაში და ავედი კილიმანჯაროზე. კილიმანჯაროს მწვერვალზე ასვლა იყო ჩემი მოტივატორი, მაგრამ ექვსთვიანი დიეტა და სისტემატური ვარჯიში იყო მხოლოდ დისციპლინის შედეგი. ბევრჯერ გამქრობია მთაზე ასვლის მოტივაცია და ამ დროს მხოლოდ დისციპლინა მაიძულებდა დიეტის დაცვას და ვარჯიშს.
ყოველდღიური დისციპლინა დაამარცხებს წაგების შიშს, გაღარიბების შიშს, ცუდ მშობლად ყოფნის შიშს, სიზარმაცეს, პრაქტიკულად ყველაფერს ამ ცხოვრებაში. დისციპლინა იწვევს ჩვევების გამომუშავებას და ეს უკვე აადვილებს ბევრ რამეს. დისციპლინა ახშობს წარმატებით (ვისაც როგორ გვესმის „წარმატება“) გამოწვეულ ქედმაღლობას, აჩერებს იმპულსურ საქციელს. დისციპლინის გამომუშავება და მისით მოქმედება – იმ დროს როდესაც მიმდინარე რუტინა უაზროდ გვეჩვენება – არის მიზნის მიღწევის პრაქტიკული გარანტორი.
როდესაც ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ვერ ვერევით საქმეს – ეს ნაკლებად არის კავშირში ჩვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობასთან ან დროის დეფიციტთან. ეს უფრო დისციპლინის არქონის და ნებისყოფის უკმარისობის შედეგია. გავიხსენოთ, თუ რა თქვა რომის იმპერატორმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა, მარკუს ავრელიუსმა: „ნებისმიერი რამ, რაც შესაძლებელია სხვისთვის, შესაძლებელია შენთვისაც.“
წყარო: forbes georgia