ბებია-პაპების კლუბის წარმომადგენლებმა უცრემლოდ ვერ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი

დღეს, თელავში 1989 წლის 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბებია-პაპების კლუბის წარმომადგენლებმა. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ცრემლების გარეშე ვერ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

როგორც მაყვალა არჯევანიშვილმა pr-mc.ge – თან საუბარში გაიხსენა, 1989 წლის 9 აპრილს თავადაც აპირებდა წასვლას თბილისში და მოგვიყვა მოკლე ისტორია, თუ რატომ ვერ მოხერხდა თანამოქალაქეებთან ერთად ყოფილიყო იმ დღეს, საქართველოს დედაქალაქში.

„1989 წლის 9 აპრილამდე, რამდენიმე დღით ადრე, მობილიზებული იყო საქართველოს ყველა ქალაქი, მათ შორის თელავი. მოქალაქეები დედაქალაქში, თბილისში წასასვლელად ვემზადებოდით. მახსოვს, მთელი ახალგაზრდობა, თელავის მოსახლეობა, დავიძარით დროშებით ხელში მატარებლების სადგურისკენ. თქვეს რომ დენი გაითიშა, მაშინ სხვა დრო იყო და გვეგონა ნამდვილად გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა გაირკვა რომ შეგნებულად გამორთეს. წავედით ფეხით!.. ზაზა კოლელიშვილმა და ვანო იანტბელიძემ დროშები აიღეს და გაყვნენ ლიანდაგს. შემდეგ, როდესაც დენი მოვიდა მატარებელიც გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავყევით, რადგან ოჯახმა არ იცოდა სად ვიყავით. მე და გვანცა ქეშიკაშვილი, იმ დროისთვის ორი ახალგაზრდა ასე, მტკიცე გადაწყვეტილებით ვაპირებდით თბილისში წასვლას..

მას შემდეგ, გაიარა 35 წელმა და ჩვენ უკვე აღარ ვართ ახალგაზრდები. ბებია-პაპების კლუბის სახელით დღეს, პატივი მივაგეთ ჩვენი თანატოლების და ჩვენზე ბევრად უმცროსი ასაკის მოქალაქეებს. მათ, ვინც მთელი გულით იბრძოდა და იღწვოდა მომავალი თაობის ბედნიერებისთვის“, – განაცხადა მაყვალა არჯევანიშვილმა.

ბებია პაპების კლუბის დამფუძნებლის გვანცა ქეშიკაშვილის თქმით, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის კადრებს უყურებს, იმდენად დიდია ემოცია, რომ გამოთქმაც კი უჭირს.

„დღესაც ვერ ვუყურებ გადაცემას, როემლიც 1989 წლის 9 აპრილს ასახავს. ძველი კადრები აცოცხლებს იმ დღეს და არ შემილია ამ ყველაფრის ყურება ცრემლების გარეშე. ჩვენ, დღეს პატივი მივაგეთ იმ მებრძოლ ადამიანებს, რომელთა თავგინწირვის შედეგიც არის დღევანდელი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ბებია-პაპების კლუბის დამფუძნებელმა გვანცა ქეშიკაშვილმა.