ელზა თუშაბრამიშვილი თელაველი თვითნასწავლი მხატვარია, რომელის ინსპირაციის წყაროსაც ლექსები წარმოადგენს და შესრულებული აქვს ისეთი ნახატები, რომლებსაც მისი თქმით, ვერასდროს გაყიდის.
მხატვარი დაიბადა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. წარჩინებით დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტროს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარ სპეციალისტად (იუსტიციის სახლში).
„იმ პერიოდისთვის აღნიშნული სამსახური სხვადასხვა სახელს ატარებდა. 34 წელია ამ სფეროში ვმუშაობ. სამსახურს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან მიყვარს ჩემი საქმე. მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ოჯახი არის პირველი შემფასებელი ჩემი ნამუშევრების და ისინი ყველანაირად მხარს მიჭერენ, რათა შევძლო ჩემთვის უსაყვარლესი საქმიანობის – მხატვრობის და ხელსაქმის კეთება, ბოლომდე გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი.“- ელზა თუშაბრამიშვილი.
შემოქმედის თქმით, ხელოვნების სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც არაჩვეულებრივად ქარგავდა. სწორედ დედისგან ისწავლა ფერთა გამის გამორჩეულად აღქმის ხელოვნება.
„ყველა ფერი საოცრებაა. ყველა ფერს აქვს თავის დანიშნულება. რომელიმე ფერის არ არსებობით სამყარო მთლიანობას დაკარგავდა. თითოეული ფერი თავის ხიბლს აძლევს გარემოს სრულყოფილად აღქმას. „ – ამბობს მხატვარი.
შემოქმედის განმარტებით, ხატვისთვის და/ან ქარგვისთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ერთი ლამაზი ლექსი, თუნდაც ლექსის ერთი სტროფი.
„ჩემს მიერ შესრულებულ პორტრეტებს ისე არ ავტვირთავ სოციალურ ქსელში თუ რაიმე შესაბამისი ლექსი, ან ჩანახატი არ ახლავს, და თუ პორტრეტის თვალები არ მეტყველებს მე ის ნახატად არ მიმაჩნია. ასე მაგალითად, ცნობილი ლექსი ,,ყივჩაღის პაემანი.’’ ეს ლექსი მოსვენებას არ მაძლევს. მინდა ის ქალი დავხატო იმ სახით და გარეგნობით, რამაც პოეტს ეს ლექსი დააწერინა, მე ვთვლი რომ ეს არის ე.წ. მუზა, ასე რომ შემომიჩნდა და სანამ არ დავხატავ არ მომეშვება.
რას ვგრძნობ ხატვის დროს? ამის გადმოცემა ცოტა რთულია, ბედნიერ წუთებს ალბათ, გარემოსგან ვითიშები, სიმშვიდე მოდის, მელოდიებად შემოდის ფერები ჩემში და ხატვის პროცესი იქცევა ყველაზე დადებით და სასურველ იმპულსებად. მადლობელი ვარ უფლის რომ მომცა ამის უნარი.“- განაცხადა ელზა თუშაბრამიშვილმა.
მხატვარი ამბობს, რომ თელავი მისთვის განსაკუთრებული ქალაქია და რომ უამრავი ნახატი აქვს მიძღვნილი მისთვის.
„თელავის ხედები,თელავის პეიზაჟები, ჩემს ერთ-ერთ ფოტოალბომს სოციალურ ქსელ Facebook- ზე ასე ჰქვია. სიმღერის მსგავსად ,,აქ ყველაფერი მახარებს.’’ როგორც ბევრი თელაველისთვის, თელავი ჩემი ოჯახია, ჩემი სიყვარულია, ჩემი სამშობლოა, ჩემი გულია და ყველაფერი ერთად. უამრავი ნახატი მაქვს თელავის თემატიკით, შემდეგ ვაჯგუფებ. მაგალითად: ღამის თელავი, დეკემბერი თელავში, შემოდგომა თელავში, წვიმიანი თელავი,თოვლიანი თელავი, ახლა რატომღაც სურვილი მომეძალა რომ ღამის თემატიკით ნახატები დამეჯგუფებინა და ასე შევქმენი ,,ღამის თელავის’’ კოლაჟი.“- ელზა თუშაბრამიშვილი
შემოქმედის თქმით, ფერების ზუსტად გადმოსაცემად დიდი ოსტატობა და მასალის სწორად შერჩევაა საჭირო.
„მიყვრს ტილოზე ზეთის საღებავებით მუშაობა, ფერები ადვილად დასამორჩილებელია. მოგდევს და მეტი ეფექტი აქვს. ასევე მიყვარს ფანქრით მუშაობა, მაგრამ ფანქარი ასევე ქაღალდი უნდა იყოს კარგი ხარისხის. მაგალითად, ,,ფაბერ კასტელი,“ ,,პრიზმაკოლორი,’’ ,,კოხი ნორი,’’ ეს არის ფანქრების ე.წ. ბრენდი. ამ ფანქრით მუშაობა სასწაულია, ფერების მაქსიმალური დამორჩილებით. ფერთა გამის ყურებაც კი მაგალითად ფერადი ძაფების, რომლებსაც ქარგვაში ვიყენებ ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა, ყველას ვუსურვებ რომ ასეთი განცდა რაც ჩემთვის ხატვას და ქარგვას მოაქვს განეცადოთ თავისი საყვარელი საქმით, გატაცებით და თუნდაც ჰობით.“ – აღნიშნავს ხელოვანი
ელზა თუშაბრამიშვილი ჩვენთან საუბარში სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს რომ ხელოვანი ადამიანისთვის მარტივი როდია შეელიოს საკუთარ ნამუშევარს, რომელსაც დრო, ფიქრები, ენერგია და საკუთარი სული ჩააქსოვა.
„მინდა კიდევ უამრავი ფერწერული ტილო შევქმნა და დავხატო მეტყველი სახით პორტრეტები, კიდევ ბევრ ადამიანს გავუხალისო ცხოვრება, მოვქარგო ულამაზესი ფერებით სილამაზეები და საოცრებები. რაც შეეხება ჩემი ფერწერული ტილოების რეალიზებას, ძალიან ბევრს მოსწონს ჩემი შემოქმედება და ჩემი ფერწერული ტილოები მიაქვთ საჩუქრებად საზღვარგარეთ ასევე საქართველოში კერძო კოლექციებში. მაქვს უამრავი ნახატი გაყიდული, ბევრ მათგანზე ძალიან დამწყვეტია გული, ბევრიც მიტირია, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო იმ მომენტისთვის, რომ უნდა გაყიდულიყო. თუმცა მაქვს ისეთი ნახატებიც რომლებსაც არასოდეს არ გავყიდი.“ – ამბობს ხელოვანი, ელზა თუშაბრამიშვილი