საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა, ხოლო მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება.
ალექსანდრე წულაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიორგი ბენაშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაშენდისა და ბაკურციხის სკოლებს ეწვია და ადგილზე გაეცნო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ექიმის კაბინეტი, საგანმანათლებლო სივრცეები და ყველა ის პროექტი, რაც განხორციელდა სამინისტროს მიერ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები გათვლილია 500-500 მოსწავლეზე და მათი სრული რეაბილიტაცია განხორციელდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია. ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიზანია, თანამედროვე სასკოლო გარემო თითოეული მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი.