დღეს, ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში, ქარბორბალამ ალავერდის საკათედრო ტაძარს გადაუარა. დაზიანებულია როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ქარბორბალის შედეგად ამობრუნდა ავტომობილიც. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით:
“სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.