ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დაზიანებული კრამიტის საბურველი მოიხსნა.

არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის მეთვალყურეობით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დუღაბის ფენილის მოხსნა. ამავდროულად, დაიწყო სტიქიიის შედეგად დაზიანებულ საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოხსნა.

ასევე, გრძელდება ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვასთან დაკავშირებული კვლევით-საპროექტო სამუშაოები.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად, ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისის, სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.