აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში ცვლილებები განხორციელდება

2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში ცვლილებები განხორცილედება. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალ რისკიანიც დაემატება. მოქალაქეები კი თავად აირჩევენ სად ურჩევიათ თანხის შენახვა. ამის შესახებ ისაუბრა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.

„დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები – ნაკლებად რისკიან პორტფელში. შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა, ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო. ეს 12 -თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგიც გადავანაწილოთ შესაბამის პორტფელებში.“ – განაცხადა გოგა მელიქიძემ.

2023 წლის მაისის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია 1,403 მლნ-მდე ადამიანი. ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო დანაზოგი 3.5 მილიარდი ლარია. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები შეადგენს 556 მილიონ ლარს.