„G-რაცია“ თელავში-სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების განხორციელებული იდეა

ირმა იჭირაული, თიკა კირვალიძე და ერეკლე ცოცანიძე, სამი ყოფილი ემიგრანტია რომელებიც სამშობლოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ მეგობრებთან ერთად. ახლა სილამაზის სალონს ხსნიან და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ.

საინტერესოა რატომ დაბრუნდნენ მაშინ, როდესაც ყოველდღიურად გვესმის რფრაზა: „ქართველები საქართველოს ტოვებენ.“ რა მიზნები და მოლოდინები აქვთ და რას სთავაზობენ მომხმარებელს, ამაზე ვრცლად სილამაზის სალონ “G-რაციას” პიარ მენეჯერი ერეკლე ცოცანიძე გვესაუბრება.

 „ხშირად გვესმის რომ საქართველოდან ყველა მიდის და აქ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება რთულია. თითოეული ჩვენგანი საკმაოდ დიდ რისკზე წავედით, მაგრამ დაბრუნება და სამშობლოში საქმის აწყობა მოვინდომეთ. ჩემთან და თიკასთან შედარებით ირმა იჭირაულს ემიგრანტობის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს. როდესაც ერთმანეთს შევხვდით აღმოჩნდა, რომ სამივეს ერთი სურვილი გვქონდა. გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითიც საკუთარ ოჯახებსაც ვარჩენდით და თელავისთვის საინტერესო სივრცეს შევქმნიდით.“- ამბობს ერეკლე ცოცანიძე.

 ჩვენს კითხვაზე თუ რა იყო სამშობლოში დაბრუნების ძირითადი მიზეზი ერეკლე ცოცანიძე პასუხობს:

 „როგორც აღმოჩნდა ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაძლებდა დიდხანს ემიგრაციაში, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის გარეშე. ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხუთი წლის შვილს უკვე არ სურდა საქართველოში დაბრუნება და ვერ იგებდა რატომ უნდა წამოვსულიყავით ქვეყანაში, რომელიც არც კი ახსოვდა. ბავშვი 2 წლისაც კი არ იყო როცა საქართველო დავტოვეთ. ბევრი მეგობრული საუბრის შემდეგ როგორც იქნა დამთანხმდა. ამ დროს მივხვდი რომ დადგებოდა დღე, როცა არჩევანის წინაშე დავდგებოდი – ან შვილი უნდა დამეკარგა და ან სამშობლო. მე კი ეგოისტურად ორივე დავისაკუთრე დაბრუნებით.’’

 რატომ მაინცდამაინც სალონი ქალაქში, სადაც მსგავსი სალონი უამრავია?

„სალონის გახსნაზე არჩევანი შევაჩერეთ ჩვენი სპეციალობებიდან გამომდინარე. თიკა, ჩემი მეუღლე შილაკის სპეციალისტია, ისევე როგორც ნატო ლიქოკელი, რომელიც ასევე ჩვენი  გუნდის წევრია. ირმა იჭირაული ძალიან კარგ მაკიაჟს აკეთებს, ანა გოგილაშვილი კი საუკეთესო ფოტოგრაფია. კიდევ ორი მეგობარი შემოვიერთეთ – ტატუ არტისტი ლაშა გუბეშვილი და ბარბერი გოგა ადუაშვილი. მე კი ჩემი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე საქმის რეკლამირება ავიღე ჩემს თავზე. შევიკარით გუნდი და ვიქირავეთ სივრცე სადაც გვინდა დავნერგოთ მომსახურების პრემიუმ კლასის სტანდარტი და ევროპული ხარისხი.“

 რა არის ის განსხვავებული რამ მომსახურების სფეროში, რის დამკვიდრების სურვილიც გაქვთ?

„ვფიქრობ, როდესაც მომსახურების სფეროში მუშაობ, ყველაზე მნიშვნელოვანი თავაზიანობა და სტუმრისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაა. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ საქმე, რომელსაც ემსახურები შენ თვითონაც სიამოვნებას განიჭებს. ზუსტად უნდა იცოდე თუ ვისთვის გიწევს მომსახურების გაწევა და რა სერვისი უნდა შესთავაზო ამა თუ იმ ადამიანს. საქართველოში ფაქტიურად არ ხორციელდება ბაზრის კვლევა კონკრეტული საქმიანობის დაწყებამდე. ხშირ შემთხვევაში არც კი ვიცით რა სურს ჩვენს მომხმარებელს, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

 და მაინც რა სურს მომხმარებელს თქვენი აზრით?

„ჩვენი ძალებით ჩატარებული მცირე კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა დროის დეფიციტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სალონი “G-რაცია,” იყოს მულტიფუნქციური სივრცე. სტუმარს წინასწარი ჩაწერის შემდეგ ზუსტად ეცოდინება რა დროს უნდა მივიდეს სალონში, სადაც არ მოუწევს ლოდინი. ერთდროულად შეეძლება მოიწესრიგოს თავი, უფასოდ მიირთვას უგემრიელესი ყავა, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და იშოპინგოს კიდეც.’’

რა მომსახურებას სთავაზობს „G-რაცია“ მომხმარებელს?

„ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვყავს: მამაკაცების და ბავშვების სტილისტი, ბარბერი, შილაკის ორი სპეციალისტი, დეპილაციისა და მაკიაჟის სპეციალისტი და ტატუ არტისტი.  ვიდერე ინტერვიუ გამოქვეყნდება, დიდი ალბათობით უკვე გვეყოლება ქალთა სტილისტიც. აღსანიშნავია, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ხარისხის პროდუქციას იყენებს მუშაობის დროს.’’

რა არის ის ინდივიდუალური მახასიათებელი ერთგვარი „ნიშა,“ რაც „G-რაცია გამოარჩევს სხვა სალონებისგან?

 

„პირველ რიგში ჩვენი სალონი არის სივრცე სადაც ყოველთვის იქნება ფასდაკლების სხვადასხვა სახის აქციები კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ განსხვავებული ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერები და გაახარონ – მეგობრები,  ოჯახის წევრები,  საყვარელი ადამიანები. ამ წუთებში ჩვენი სოციალური ქსელების (https://www.facebook.com/GraciaTelavi?mibextid=ZbWKwL) (instagram- Gracia Telavi)მეშვეობთ  რამოდენიმე კონკურსი და გათამაშება მიდის, რომლის გამარჯვებულებიც უფასოდ ისარგებლებენ ჩვენი გარკვეული სერვისებით. ჩვენ გვინდა რომ მომხმარებელთა ჩართულობით მუდმივად ვიზრდებოდეთ, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი. უფრო მეტიც, 2 მარტს საღამოს 6 საათზე, სალონის ოფიციალურ გახსნას ვგეგმავთ. სწორედ ამ დღეს ვაპირებდით გამოცხადებას, თუმცა ნაწილობრივ გაგიმხელთ, რომ 2 მარტიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სალონში შემოსული ყოველი სტუმრის მიერ გადახდილი თანხიდან, 1 ლარი შეგროვდება სპეციალურ ანგარიშზე და ყოველი თვის ბოლოს შეგროვილი თანხა კონკრეტულ საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. დეტალურ ინფორმაციას უკვე სალონის გახსნაზე გაგაცნობთ, სადაც შეხვდებით ბევრ ცნობილ სახეს, რომლებიც მოწვეული გვეყოლება სტუმრად და იგეგმება ძალიან საინტერესო აქტივობები.’’