6-7 ოქტომბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი “ოქროს მტევანი,“ სადაც ნაჩვენები იყო ანიმაციური, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, კინოფესტივალის ძირითად მიზანს წარმოადგენს რეჟისურის და კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია. ფილმები ეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, პანდემია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
„საზოგადოებაზე კინო კულტურის ზეგავლენა ძალიან ძლიერია. საქართველოში დღეს დღეობით შედარებით შენელებულია კინოსადმი ინტერესი, ვიდრე ეს იყო 30-40 წლის წინ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ამ დარგის პოპულარიზაცია და გააქტიურება. თელავის კინო ფესტივალის გახსნა მიმანიშნებელია, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს კინოს განვითარებას.“– განაცხადა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ როგორც თელავის საზოგადოება, ასევე თბილისიდან ჩამოსული ცნობილი მსახიობები და კინორეჟისორები.