იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შედგა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის იაშირო აისავას მიწვევის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა იაპონელ კოლეგას, პარლამენტის რეგიონული განახლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტანი კოიჩის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-იაპონიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები რეგიონული მოწყობის და პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
“იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მეგობრობის ჯგუფებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ იაპონიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის იაშირო აისავას და იაპონიის პარლამენტს მადლობა გადავუხადე და საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის სახელით, იაპონელი კანონმდებლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.
ვიზიტის ფარგლებში იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, ტადაჰარუ უეჰარას შევხვდი. შეხვედრაზე საქართველოს და იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოვიხილეთ და არსებული საინვესტიციო გარემო შევაფასეთ. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, საქართველო მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან წლების წინ იგი საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით საქმიანობდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, საქართველოში იაპონელი სტარტაპების ვიზიტი იგეგმება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო უმასპინძლებს.
ზემოაღნიშნულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად ქალაქ უშიკუს ვესტუმრე. ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია იაპონური დელეგაციის თელავში ვიზიტის დროს გაიმართება,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.