დღეს, თელავსა და ვარდისუბანში საზეიმოდ გაიხსნა ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები. აღსაზრდელებს თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 და ვარდისუბნის ბაგა-ბაღში, დახვდათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული ინფრასტრუქტურის მქონე გარემო.
ბაგა-ბაღების გახსნის ღონისძიებებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
“ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და ჩვენო პატარებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია ცხოვრების გზაზე. გისურვებთ ნაყოფიერი და საინტერესო წელი გქონდეთ. ჩვენ, ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით რომ შეგიქმნათ ღირსეული გარემო და თქვენ კი გაიზარდეთ საამაყო ადამიანები, რომლებიც სწორი ღირებულებებით იზრუნებენ საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაზე,” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა როგორც აღსაზრდელებს, ასევე მშობლებს და პედაგოგებს და განაცხადა, რომ კახეთის რეგიონი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
“ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლების და საბავშვო ბაღების მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს. კახეთის რეგიონი ახალ სასწავლო წელს, განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ხვდება. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით 21 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.
დღეს, საზეიმოდ გაიხსნა 3 ახალი საბავშვო ბაღი, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. დღეიდან აქ მოსულ პატარა აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს კომფორტულ, თანამედროვე გარემოში შეეძლებათ სააღმზრდელო პროცესის წარმართვა.
მოხარული ვარ, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია კახეთის რეგიონის ორი სკოლის ორ მასწავლებელს – ქ. თელავის N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს, ეკატერინე გურგენაშვილს და ქ.დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, ეკა სეფიაშვილს გადაეცა.
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველას, როგორც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ასევე, სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს,” – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი – 3 346 011 ლარი) რეაბილიტირდა, ხოლო ვარდისუბნის ბაღის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა 3 559 611 ლარის ოდენობით. ამასთან, ორივე ბაღი აშენდა თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და გათვლილია 180 აღსაზრდელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებული შენობები ადაპტირებულია შშმ/სსსმ მოსწავლეებზე.
შენობები მოიცავს საძინებელ, სათამაშო, გამოსაცვლელ ოთახებს, სასადილოს, სათავსოებს, ჰოლის, ადმინისტრაციულ და სამრეცხაო ოთახებს, სამზარეულოს, ლიფტს, საევაკუაციო კიბეებს. ეზოებში მოწყობილია ფარდულები და სათამაშო მოედნები.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს ნაფარეულსა და ლაფანყურში. სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ რუისპირში მდებარე ბაგა-ბაღსაც. კეთილმოწყობის პროცესი კი დასკვნით ეტაპზეა სოფელ კურდღელაურისა და თელავის N1 ბაგა-ბაღებში.