საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება.
მიმდინარე წლის 24 ივლისიდან, ძალაში შედის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური პაციენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, საინექციო და საინფუზიო პრეპარატებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, პაციენტთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის შეძენა და პროცედურის ჩასატარებლად, ისევ სამედიცინო დაწესებულებაში დაბრუნება უწევდათ.
ცვლილება შეეხება 24 ივლისის შემდეგ გამზადებული ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე გასაწევ მომსახურებას.