საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა

ევროპის ჩემპიონატზე პირველად და ღირსეულად იასპარეზა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა.

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალური მატჩი გამართა ესპანეთის ნაკრებთან, სამგზის ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ანგარიშით 1:4 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების საქომაგოდ, საქართველოდან გერმანიაში უამრავი ადამიანი ჩავიდა. ჩვენი ნაკრების მატჩებს ესწრებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველებიც.

შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმეს, ჩეხეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პორტუგალიას კი ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 სძლია და ისტორიაში პირველად მერვედფინალში იასპარეზა. საქართველოს ნაკრები პირველი დებიუტანტი გუნდია, რომელიც „ევრო 2016“-ის შემდეგ ჯგუფიდან გავიდა.

საქართველო-ესპანეთის დასკვნით, საფინალო მატჩს, თელავიდანაც გულშემატკივრობდნენ. თელავის ცენტრალურ მოედანზე თავმოყრილი იყო უამრავი ადამიანი, რომლებიც სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს თამაშის მსვლელობას.