ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში იმყოფებოდნენ

25 ივნისს, ალავერდში მომხდარმა სტიქიამ, მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. მომხდართან დაკავშირებით დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის განცხადებით, ზარალის შესწავლა მოხდება სპეციალისტების მიერ რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რა ტიპის სამუშაო პროცესის წარმართვაა საჭირო სამონასტრო კომპლექსის აღსადგენად.

იქიდან გამომდინარე, რომ ალავერდის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის დაცული ძეგლია, საჭიროა ღრმა შესწავლა, რათა სწორად მოხდეს თანმიმდევრული პროცესების დაგეგმვა. პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი უწყება“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მყისიერად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობისგან და მრევლისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფები.

გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. სტიქიას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეს, ადგილზე გავეცანით ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა კოორდინირებულად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მონასტრის აღსადგენად“, – გიორგი ალადაშვილი.