Association Anika • ასოციაცია ანიკა, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა პროექტს – “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის.” აღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიება სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა.
ასოციაცია “ანიკას” დამფუძნებლის და დირექტორის ირინე ინასარიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროექტებს განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის განვითარებაში.
“დღევანდელმა ღონისძიებამ შეაჯამა ის შედეგები, რაც ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისათვის. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის სოციალური მომსახურების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია 2033 წლამდე რა აქტივობები და ღონისძიებები უნდა განხორცილედეს, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა განვითარდეს,” – ირინე ინასარიძე.
ნათია ქარჩაიძე, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჩატარდა კვლევა იმის გასარკვევად თუ რა სერვისებზე არ არსებობდა ხელმისაწვდომობა კახეთის რეგიონში.
“კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც იყო რესურსების საჭიროება. ეს კი არის ახალი სიტყვა იმისთვის, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეეძლოს ადგილზე მიიღოს მომსახურება და ამისთვის სხვა ქალაქებში ჩართულობა არ სჭირდებოდეთ,” – განაცხადა ნათია ქარჩაიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია კი „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების დანერგვაში შეტანილი წვლილისათვის“ დაჯილდოვდა.
“ყვარელში შეიქმნა 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის სერვისით სარგებლობას მოკლებულნი იყვნენ ჩვენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. ახალი მომსახურების არსებობა კი ხელს შეუწყობს როგორც ბავშვების განვითარებას ასევე, მოხდება მათი ოჯახების მხარდაჭერა.”– აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით. ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.