„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს

ალავერდი (ახმეტის რ-ნი)– „ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერი სარწმუნოებისა და ხელოვნებისა უწინდელს დროში არის ეს ტაძარი“ (ი. გოგებაშვილი).

კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის ადგილს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე „ალონი“ ერქვა. კახეთის უდიდეს მდინარეს, ალაზანს, სახელი მისგან მიუღია. ალაზნის დასავლეთით არის „ალავერდი, კახეთის მთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდეპალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი „ალონის“ გამო, რომელ არს ალონგუერდი“ – წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი „ალონგუერდი“ დროთა განმავლობაში „ალავერდად“ ქცეულა.

„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს.

VI ს-ში აქ წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეს, იოსებ ალავერდელს, წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუგია. საკათედრო ტაძარი კვირიკე კახთა მეფემ XI ს-ის დასაწყისში ააშენა პატარა ეკლესიის ადგილას. ალავერდი იმთავითვე იქცა კახელთა მთავარ სალოცავად.

XV ს-ში, ალექსანდრე კახთა მეფის ბრძანებით, ალავერდი აღუდგენიათ, გუმბათი აუმაღლებიათ. ალავერდი მთელ საქართველოში უმაღლეს ტაძრად ქცეულა (50 მ.).

XI ს-დან მოყოლებული, ალავერდი მეფეთა საძვალეა. აქ არის დაკრძალული თეიმურაზ I, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოსვენებული.

ალავერდობა იწყება 27 სექტემბერს და გრძელდება 28 სექტემბერს, ამბა (მამა) იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს. ძველად დღესასწაული სამ კვირას გრძელდებოდა.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული – დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.