“ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია… მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. სხვა რა უნდა იყოს მისგან მოსალოდნელი?! პრინცისგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა; რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს; ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა, იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად თავს გაწირავს.” წერდა გაზეთი “London Magazine on Gentleman’s Monthly Intelligencer” ~ 1755 წელს ერეკლეს შესახებ.
ბრიტანულ პერიოდიკაში პირველი ცნობები მეფე ერეკლეს შესახებ 1750 წელს გაზეთ `General Evening Post-ში” ჩნდება, სადაც იგი ქართველ პრინცადაა მოხსენიებული. ერეკლე მეფის პერსონით დაინტერესება შემთხვევითი არ ყოფილა. ამ პერიოდში 1749 – 1750 წლებში პატარა კახი ზედიზედ ორჯერ ამარცხებს აზიის ორ უძლიერეს სარდალს, აღა-მაჰმად-ხანს და ყარაბაღის მფლობელ ფანა-ხანს. იმ დროს მსოფლიოში მუსლიმ მმართველთა ძლიერების ეპოქა იდგა და ამიტომ ევროპის კონტინენტზე შევიწროებული სახელმწიფოებისთვის ერეკლე მეორის ბრძოლას მაჰმადიანი მმართველებისა და მთავარსარდლების წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “ქარველი პრინცი“ – რომანტიკულ საბურველში გაეხვა. ინგლისურენოვან პრესაში ერეკლეს გამოჩენა მის პოლიტიკურ აქტივობასთან ან სამხედრო წარმატებებთან იყო დაკავშირებული.
ევროპაში ბოლო ელჩი ერეკლემ 1782 წლის 14 ნოემბერს გაგზავნა, თუმცა მას არც ამჯერად გაუმართლა. ელჩი საქართველოს საზღვრებს გასცდა, მაგრამ ევროპელ ხელმწიფეთა კარამდე მაინც ვერ ჩააღწია. გზაში მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისი გვამი 1783 წლის მაისში პოლონეთში, ბერდიცკოვოში ადგილობრივმა მისიის წარმომადგენელმა იპოვა და თავი არ დაზოგა, რომ ქართულად დაწერილი გზავნილები პადრე ჯუზეპემ 1783 წლის 19 ივნისს სათარგმნად ვენიდან იტალიაში გაგზავნა, თუმცა უკვე გვიანი იყო ამავე წლის 12 სექტემბერს ავსტრიის ელჩი პეტერბურგში, კობენცლი ვენას ატყობინებდა: “უბრწყინვალესად ღრმად პატივცემულო სახელმწიფო მეთაურო! მოწყლეო ხელმწიფევ!… ჩემი უკნასკნელი ცნობების მიხედვით, შესაძლებლობა მქონდა უფრო ახლოს გამეცნო ობერ ლეიტენატი ტამარა, მან არა მარტო გადამაწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშემრდომობა, არამედ დაიყოლია კიდეც მოაწყოს დივერსია თურქების წინააღმდეგ ანატოლიაში!”
დაკვირვებული მკითხველი ელჩის ჩანაწერში ერთ მთავარ ფრაზას მიაქცევს ყურადღებს, – თურმე ობერლეიტენატმა ტამარამ “გადააწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშერმდომობა! დიახ, ცხადია, რომ იმედგაცრუებული “პატარა კახი” ჩრდილოეთითვის ზურგის შექცევას ცდილობდა და გამოსავალს დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა.” სწორედ ამიტომ იყო ეს საკითხი საორჭოფო და ამის გამო სჭირდებოდა ობერლეიტენანტ ტამარას ერეკლეს დარწმუნება რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. ისიც ცხადია, ამ პერიოდში არც რუსეთის ჯაშუშობა და დიპლომატია იყო გულხელდაკრეფილი. შესაძლოა ეს იყო მიზეზი ერეკლეს წერილების ევროპაში დაგვიანებული ჩასვლისა, ან, ამ გარემოების გამო ხომ არ იღუპებოდნენ ასე მოულოდნელად საქართველოდან წარგზავნილი ელჩები: ვინ იყო და ვის კარზე მსხურობდა ის პირი, რომელიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერეკლეს წერილების ევროპაში გაგზავნას? – კითხვები მრავლად არის, თუმცა, მათი არსებობა უკვე სერიოზული კითხვის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ აზრს, რომ ერეკლე რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებას უალტერნატივო გზად მიიჩნევდა… ეს ცნობები ცხადჰყოფს, რომ გამეფებული აზრი, თითქოს ერეკლე მხოლოდ ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, არასწორია. იგი დასაყოლიებელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ამ დიდებულმა ქართველმა მეფემ უმძიმეს ჟამს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა.
დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების შემდეგ ცხადი ხდება, თუ რატომ ასოცირდებოდა “ევროპის კიდეზე” მცხოვრები ქართველი მეფე ევროპელებისთვის მითიურ ჰერაკლესთან და აღარც პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის სიტყვები გვიკვირს: “დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე!”