ქეთევან იაშვილის 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს

თელავის ისტორიულ მუზეუმში 25 აპრილს, ქეთევან იაშვილის დაბადების 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

საექსპოზიციოდ წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექციის ექსპონატები, რომლებიც დაცულია მუზეუმის ხელოვნების ფონდსაცავში. გამოფენის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, კახეთის მუზეუმების დირექტორები, პოლიტიკოსები და მეცენატის ოჯახის შთამომავლები დაესწრნენ. გამოფენის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა პანთეონი მოინახულეს და ქეთევან იაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ქეთევან იაშვილი ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტი ქალი იყო საქართველოში. იგი 1883 წლის 23 აპრილს თელავის მაზრის სოფელ შალაურში დაიბადა. 1900 წელს დაამთავრა თელავს წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის პედაგოგიური კურსი და 1902 წელს მუშაობა დაიწყო პედაგოგად, თუმცა ეს საქმიანობა მაინცდამაინც არ იზიდავდა, რადგან ყოველთვის ფარმაცევტობაზე ოცნებობდა. მალე აფთიაქის მეპატრონის დახმარებით ქეთევანმა დაიწყო მოწაფედ მუშაობა აფთიაქში, 1905 წელს კი წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ამავე აფთიაქში პრაქტიკანტი გახდა.

1909 წელს ქეთევან იაშვილმა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ხარკოვის ინსტიტუტში, დიპლომის მიღების შემდეგ კი ის პროვიზორის თანაშემწედ დააწინაურეს, იგი იყო პირველი ექიმ-კოსმეტოლოგი ქალი საქართველოში.

1930-იან წლებში მან სწავლა გააგრძელა ლენინგრადში, ცნობილ სპეციალისტ დიუბართან, სადაც შეისწავლა კოსმეტოლოგია. ამის შემდეგ მან თბილისში გახსნა კოსმეტოლოგიური კაბინეტი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მუშაობდა.

ქეთევან იაშვილს ბავშვობიდანვე აინტერესებდა ხელოვნება. იგი გატაცებული იყო ნახატებისა თუ უნიკალური ნივთების შეძენით. ხელოვნების ასეთმა სიყვარულმა განაპირობა მდიდარი, შინაარსობრივად, თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი კოლექციის შექმნა, თავისი მშობლიური ქალაქის დიდმა სიყვარულმა კი შთააგონა ქეთევან იაშვილს, ფერწერული ტილოები და მხატვრული ღირებულების საოჯახო თუ ანტიკვარული ნივთები უსასყიდლოდ გადაეცა თელავისათვის.

1963 წლიდან 1977 წლამდე ქეთევან იაშვილმა მთელი თავისი კოლექცია – 200-მდე ექსპონატი თელავის ისტორიულ მუზეუმს გადასცა.

1963 წლის 11 მაისს ქალაქ თელავში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები და ანტიკვარული ნივთები – სულ 45 ექსპონატი. ამავე წელს ქეთევან იაშვილს მიანიჭეს თელავის საპატიო მოქალაქის წოდება.

1977 წლის 23 აპრილს, ქალბატონი ქეთევანის დაბადების 94-ე წლისთავზე, თელავში საზეიმოდ გაიხსნა სამხატვრო გალერეა.

სამხატვრო გალერეის ექსპოზიციაში წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ქართული რეალისტური ფერწერა, შესანიშნავი ქართველი მხატვრების: გ. გაბაშვილის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, გ. ჯაშის, ნ. იანქოშვილის, მ. თოიძის, ქ. მაღალაშვილის, ჯ. ხუციშვილის, გ. თორაძის, ს. ასლანიშვილის, ვ. დავითაშვილისა და სხვათა პეიზაჟები და პორტრეტები; XIX-XX საუკუნეების რუსული სამხატვრო სკოლის წარმომადგენლების: ა. და ვ. მაკოვსკების, მ. კლოდტის, ი. კლევერის, ი. კრამსკოის, ა. რიაბუშკინის, ნ. სვერჩკოვის, ნ. ბუნინის, ი. აივაზოვსკის, ფ. რუბოს, ნ. იაროშენკოს, გ. ბაშინჯაღიანისა და სხვათა შესანიშნავი ნამუშევრები; XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთევროპელი მხატვრების:

ა. კეიპის, ო. დიურანის, პ. ვალმონის, დ. ჰემანდერის, კერმანის, ო. დელუკის, აგრეთვე – უცნობ შემოქმედთა მიერ შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, ჟანრული ხასიათის ფერწერული ტილოები.

ქეთევან იაშვილი გარდაიცვალა 1980 წელს, 97 წლის ასაკში, ქ. თბილისში. მისივე სურვილით იგი დაკრძალულია თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დამთვალიერებლები თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენის ნახვას 25 მაისამდე შეძლებენ.