ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოსთვის ტრენინგების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგების სერია დასრულდა. დასკვნითი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი საბჭოს ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებსა და AI მოდელებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვებსაიტის შექმნას, ინტერაქციულ თამაშებსა და ციფრულ დიზაინს, მანქანურ სწავლებასა და საკუთარი AI მოდელის შექმნას. ასევე განიხილეს Python-ის საფუძვლები, საინჟინრო სიმულაცია, თანამედროვე სტარტაპები და ახალგაზრდული ინიციატივები.
პროექტი „პირველი ნაბიჯი“ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება. სამეტაპიანი განვითარების პროგრამა ექვს თემატურ ტრენინგს აერთიანებდა და ახალგაზრდების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.