კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ისტორიულ მუზეუმს ეწვია და მუზეუმის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა მაისურაძემ წარადგინა.
მაია ბითაძის განცხადებით, მუზეუმის ისტორიული ნაგებობების ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე განსახორციელებელია დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მინისტრის თქმით, არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარება მუზეუმის კოლექციების სათანადო დაცვის, ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი მიზანია, მუზეუმების ინფრასტრუქტურა განვითარდეს ისე, რომ შეიქმნას ვიზიტორებზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი გარემო“, — აღნიშნა მაია ბითაძემ.
თელავის ისტორიული მუზეუმი ბატონის ციხის ისტორიულ-არქიტექტურულ ანსამბლს მოიცავს, რომელშიც შედის სამეფო სასახლე, კარის ორი ეკლესია, არჩილისეული ციხე-დარბაზის ნაშთები, მეფის აბანო, გვირაბი, კარიბჭეები და სხვა ისტორიული ნაგებობები.
მუზეუმის ფონდებში დაახლოებით 120 000 ექსპონატი ინახება. კოლექციები მოიცავს არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას, საეკლესიო ნივთებს, საბრძოლო აღჭურვილობას, ერეკლე II-ისა და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მემორიალურ ნივთებს, ხელნაწერებს, იშვიათ გამოცემებს, ფოტომასალასა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული დაახლოებით 200 ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის XVII–XIX საუკუნეების დასავლეთევროპელი მხატვრების, აგრეთვე XIX–XX საუკუნეების ქართველი და რუსი მხატვრების ნამუშევრები.
2018 წელს თელავის ისტორიული მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული ინფრასტრუქტურით გაიხსნა. 2027 წლის 7 ნოემბერს მუზეუმს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. საიუბილეო წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობაა დაგეგმილი.
მინისტრთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.