თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომლის თავმჯდომარედ, დახურული კენჭისყრის საფუძველზე, ერეკლე ბეჟუაშვილი აირჩიეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება, მათი მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. საბჭო ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
საბჭოს წევრებმა საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით, „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა. სასწავლო კურსმა მონაწილეებს თვითმმართველობის საკითხებზე, ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პრინციპებზე მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მისცა.
საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.