კახეთის რეგიონში 60 კმ- მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე ადგილზე გაეცნენ კახეთის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტებს.
კახეთის რეგიონში, 2022 წელს, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა, რომლის საერთო ღირებულებაც140 მლნ. ლარს შეადგენდა, საიდანაც დასრულდა 8 პროექტი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა.