4-11 ივნისამდე სიღნაღი თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალი 4 ივნისს, ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის სპექტაკლით-„ფიროსმანი“ გაიხსნა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით 2023 წელს დაფუძნებული ფესტივალი მეორედ, ამჯერად – სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტატუსით ტარდება და მონაწილეობას როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრები მიიღებენ. 13 მონაწილეს შორის იქნებიან თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების თეატრალური კოლექტივები და ორი დასი ესპანეთიდან.

ფესტივალის გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

„ფიროსმანი“ თოჯინების თეატრის პრინციპით შექმნილი სპექტაკლია, რომელიც გვიამბობს გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ერთმოქმედებიანი წარმოდგენა გვაცნობს მხატვარს, რომელიც ბედისწერის, გაჭირვებისა თუ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, არ კარგავს ადამიანის სახეს, ერთგული რჩება ისეთი ღირებულებებისა, როგორიც არის სიყვარული, ღირსება, თანაგრძნობა და თავისი ქცევითა და შემოქმედებით სხვებსაც მაგალითს აძლევს.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ივნისში, ერთი კვირის განმავლობაში ტარდება. მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები და 2024 წლიდან – უცხოური დასების წარმოდგენებიც.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეატრების სადადგმო თუ საგასტროლო ხარჯისა და ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.

გარდა საკონკურსოდ შერჩეული სპექტაკლებისა, ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს: ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები გაუძღვებიან.

ფესტივალი 11 ივნისამდე გაგრძელდება და მიზანად ისახავს საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისებას, სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბებას და ქალაქში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.