ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 31 მაისს, 23:00 საათზე, ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში, ფეხბურთის გულშემატკივართა თხოვნით გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენი” და იტალიის “ინტერი.”
წლევანდელი ფინალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან მატჩში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად პარიზ სენ-ჟერმენის რიგებში თამაშობს. გულშემატკივრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ევროპის ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე უგულშემატკივრონ საკუთარი ქვეყნის მოთამაშეს.