საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდება. ამ დღეს წლის საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენენ და დააჯილდოებენ.
27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რის გამოც აღნიშნული თარიღი მასწავლებლის დღედ დაწესდება.
„საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.” – განათლების სამინისტრო
ინიციატივის ფარგლებში, მოხდება იმ მასწავლებელთა ისტორიების შეკრება, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში.
“ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
განათლების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას.