26 ოქტომბრიდან კამპანია – „შენ ევროკავშირში/You in EU“ დაიწყება

26 ოქტომბრიდან იწყება კამპანია სახელწოდებით : „შენ ევროკავშირში/You in EU“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი.“

კამპანიიის ფარგლებში სამი ორგანიზაცია მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეს ესტუმრება.

„26 ოქტომბერს, იწყება კამპანია „შენ ევროკავშირში/You in EU.” ეს არის შენი, ჩემი, ჩვენი კამპანია, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.

კამპანიის განმავლობაში, „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „რეგიონის ხმა“, აქტიურ მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხეს ეწვევა.

კამპანიის მიზანია საქართველოს მასშტაბით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანების გაერთიანება საერთო იდეის და მიზნის გარშემო. ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის კავშირის წარმოჩენა და განმტკიცება.

სად შეგიძლია ჩვენი ნახვა?

ჩვენ მოვალთ შენს სოფელში, დაბაში, ქალაქსა და დასახლებაში სპეციალური ავტობუსით, რათა დაგვემგზავრო ევროკავშირისკენ მიმავალ გრძელ და საინტერესო გზაზე.

გაინტერესებს რა მიზანი გვაქვს?

რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს. გვსურს, საქართველოს მასშტაბით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანების გაერთიანება, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის კავშირის განმტკიცება, თითოეული მოქალაქის ევროპული ხმის გაგონება.

ვისთან და რაზე ვისაუბრებთ?

ჩვენ გვიმასპინძლებენ შენს დასახლებაში მცხოვრები, შენთვის ნაცნობი ადამიანები. მათთან ერთად ვისაუბრებთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ მოგიყვებით, თუ რა სოციალური, ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო სიკეთეების მომტანია საქართველოს მოქალაქეთა ევროპული არჩევანი. ჩვენ შეგხვდებით ყველგან, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საჯარო თავშეყრის ადგილებსა თუ ოჯახებში, ბაზრებსა თუ სკვერებში.

რატომ უნდა დაგვემგზავრო?

ჩვენ გვაქვს არამხოლოდ საინტერესო იდეები, არამედ სამოქმედო გეგმა, კონკრეტული შეთავაზებები და თითოეული თქვენგანის პრობლემების გადაჭრის გზა, რისთვისაც ჯერ აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ხოლო საბოლოოდ — ჩვენს ტრადიციულ ოჯახში, ევროკავშირში ადგილის დამკვიდრება.

უმასპინძლე და შემოუერთდი კამპანიას „შენ ევროკავშირში.”

გახსოვდეს, შენ ევროკავშირში გელოდებიან!“- „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი.“