დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა, საკრებულოს წევრებმა, და მე-20 კადრირებული ბრიგადის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რაც ყველა ქართველს გვეამაყება და გვაერთიანებს სწორედ დღეს იყო თავმოყრილ თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა პავილიონის და აქტივობის სახით.
“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო ღონისძიებები ჩვენს ქალაქში“, – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.
დამოუკიდებლის დღე საზოგადოებას ასევე მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვლმა.
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს. ეს დღე სისხლით მოპოვებული თავისუფლებისა და მტერთან საუკუნეების განმავლობაში დაუღალავი ბრძოლის შედეგია. სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, რომელიც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული ბრძოლის სიმბოლოა. მერაბ კოსტავა არის უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებისა და ქართველი ადამიანის შინაგანი თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე და მჯერა, რომ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრ საქართველოში“,- განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.
პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თელავის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.