საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.
ფინალამდე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს სძლია, ნახევარფინალი კი სამხრეთკორეელ ჯონჰვან ლის მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.