2025 წლის 9 მაისს 80 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან

დღეს, 2025 წლის 9 მაისს, 80 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან.
თელავში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან  ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
“უახლეს ისტორიაში მეორე მსოფლიო ომი შევიდა, როგორც გლობალური, მასშტაბური ომი, რომელსაც მილიონობით ადამიანის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი დახმარება გადაეცათ. რეგიონის მასშტაბით, დღეის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი გვყავს. ვუსურვებ მათ მხნეობას და ჯანმრთელობას,” – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ომის ვეტერანებს მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და პატივი მიაგო გმირი ქართველების ხსოვნას.
„მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს გმირ ვეტერანებს და მადლობას ვუხდი მათ. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ჯარისკაცი დაკარგა. პატივს მივაგებთ გმირი ქართველების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ფაშიზმის დამარცხებას,“ – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.