2025 წლის კონკურსის – “მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გამოავლინა  2025 წლის კონკურსის – „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები.
ნომინაციაში „მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გამარჯვება მოიპოვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა გულნარა ბუაძემ, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს შორენა ყარალაშვილს გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს მიულოცა დამსახურებული წარმატება და საუბრისას ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს და ამ ჯილდოს. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან ყალიბდება; ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის როლი – დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული სკოლის პერიოდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. მინდა ვისურვო, კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან სწორედ ისინი აყალიბებენ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ მომავალს,” – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი.
ალექსანდრე წულაძემ ისაუბრა სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე.
„გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „მწვანე ჯილდო“ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც განათლების სამინისტრო ყოველთვის იქნება. ჩვენი მიზანია, საქართველოში აღიზარდოს ახალი თაობა, რომელიც ჯანმრთელი ღირებულებების მატარებელია. სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრაცია და გარემოს დაცვის საკითხებზე ყურადღების გამახვილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელმაც ისაუბრა მასწავლების როლზე, მომავალი თაობის სწორად აღზრდასა და განათლებაში.
„მწვანე ჯილდო“ ერთგვარი წამახალისებელი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ მასწავლებლებს, როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სკოლის ეტაპზე, რათა მომავალი თაობა უკეთ მოემზადოს იმ გლობალური და ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისთვის, რომლებსაც დღეს ვაწყდებით,“ – აღნიშნა მაია ბითაძემ.