საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს კვლევას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა გრელდება – წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მესამე კვარტლის ისტორიული მინიმუმი, 13.8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად – 4.0 და 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და პირველ კვარტალში 14.0 პროცენტი, ხოლო მეორე კვარტალში 13.7 პროცენტი დაფიქსირდა.
დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა 2024 წლის მესამე კვარტალში. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.1 პროცენტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 26.4 ათასით შემცირდა და 226 ათასს გაუტოლდა.
ამასთანავე მესამე კვარტალში 31.2 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და 974.4 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა და 432.7 ათას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ასევე შემცირდა უმუშევრობის დონე 1.3 პროცენტული პუნქტით ქალებში, ხოლო მამაკაცებში 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამიისად ქალებში უმუშევრობის დონე 11.5 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 15.6 პროცენტს უტოლდება.