2023 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

2023 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკის 4%-იანი ზრდის მაჩვენებელი, ერთნახევარი პროცენტით ნაკლებია მსოფლიო ბანკის მიერ გასული წლის ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით. იმ პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობდა კონომიკის 5.5%-იან ზრდას. მსოფლიო ბანკი 2024 წელს, საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

ეკონომიკური ზრდის ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვხვდებით პროგნოზებს ინფლაციაზე, ლარის კურსზე და ფულად გზავნილებზე.  დოკუმენტი აგრეთვე შეეხო რისკებს და შესაძლებლობებს.

„2022 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის წნეხი შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად, დეკემბერში წლიურ 9.8%-ის დონეზე. მოსალოდნელია, ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად.

ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილულ იქნეს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო.

საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად. – ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.