2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ)სეოკ-მა.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს მიანიჭა. წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი კი გახდა ასევე ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
სპორტის სათამაშო სახეობაში საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელიც იცავს იტალიური „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი, ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის, ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.
2022 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი“ კი გახდა თავისუფალ სტილში მოჭიდავე გიორგი ელბაქიძე. ქალთა შორის ეს ჯილდო ანანო აფაქიძეს ერგო, რომელიც ასპარეზობს ბატუტზე ხტომაში.
ზამთრის სახეობაში საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ მოციგურავეები, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ბეჟან ჭიჭინავას ხვდა წილად (კრივი). ქალთა სპორტში ეს წოდება ზაურ სულაშვილმა (ბატუტზე ხტომა) დაიმსახურა.
რაც შეეხება ორგანიზაციებსა და კომპანიებს: 2022 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის „ავერსი“ დაჯილდოვდა; სპორტული თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის კი – საქართველოს პირველი არხი. საუკეთესოდ დასახელდა სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია. წელს საუკეთესო სპორტული ფედერაცია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია გახდა.