ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთში, ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გახსნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის დელეგატთან გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში გია ბენაშვილთან ერთად, კომპანიის „სვანიძის ზეთისხილი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ქარხანა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
„ზეთისხილის კულტურა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ბაღების გაზრდილი ფართობის პირობებში ყოველ წელს ველოდებით მზარდ მოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას; ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. დღეს გახსნილი ახალი საწარმო ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მეტი ადამიანისთვის შექმნის კეთილდღეობას. ახალი საწარმოს შესაძლებლობები არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებში იქნება ასახული,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.