ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში მთლიანობაში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 75.9 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, აღნიშნული მიზნით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 1,930,483 სტუმრობა დაფიქსირდა. ეს 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი 59.6%-იან ზრდას წარმოადგენს.