დღეს, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, გაიმართა სპექტაკლის ჩვენება – “უკანასკნელი თოლია.”
სპექტაკლს, რომელიც წარადგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ – სტუდია “მოდინახემ,” დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს რვა ქართული და ოთხი უცხოური თეატრალური დასი – თურქეთიდან, რუმინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა. აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლების პარალელურად, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს მასტერკლასები, რის საშუალებითაც ახალგაზრდები ეუფლებიან სასცენო ხელოვნებას.