ყვარელში, პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე,” შეჯამება გაიმართა.

დღეს, კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის – თელავისა და ყვარლის სკოლების მოსწავლეებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე.” პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული.”
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში, სადაც გამოვლინდა 16 გამარჯვებული ნამუშევარი – ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნახატები და მაკეტები, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები და აიპადები.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ასევე, მოეწყობა საზაფხულო სკოლა. 
დაჯილდოების ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, რომლებმაც გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცეს სიგელები და საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საგანმანთლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების დირექტორები.