უნგრეთმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 14 მედალი მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრები დიდებს შორის, ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალის მფლოფელი გახდა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდებმა კი კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბიჭებში საქართველომ გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.
ეროვნული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა მინდია მგელაძემ (-60 კგ), ანდრეი ზინჩენკომ ( -70 კგ), ლაშა ობეთელაშვილმა (-80 კგ) და დავით მსხალაძემ (-90 კგ) იზეიმეს; ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შანთაძე (-65 კგ) და დათა ფუტკარაძე (-70 კგ) დასჯერდნენ.
ახალგაზრდული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ძნელაძემ (-60 კგ), დავით ძნელაძემ (-65 კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს; ვიცე-ჩემპიონები დავით შველიძე (-60 კგ), დიმიტრი მსხალაძე (-75 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილი (+80 კგ) გახდნენ; ანანო დათუკიშვილმა (-50 კგ) და ნინო შუბითიძემ (-55 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
“უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც მონაწილეობდა ევროპის 25 ქვეყნის 500- ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები. აღნიშნულ ჩემპიონატზე აბსოლუტურ კატეგორიაში ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, თელაველმა სპორტსმენმა, ავთანდილ პარწიკანაშვილმა. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მას,” – ლევან მახათაძე, ტრენერი.
2025 წლის კარატეს ევროპის ჩემპიონატზე საერთაშორისო კატეგორიის ქართველმა არბიტრებმა – ვლადიმერ შენგელიამ, დავით ცერცვაძემ და ბექა მჭედლიშვილმა იმსაჯეს.
კონტინენტის პირველობაზე იმყოფებოდა საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ორგანიზაციაში (EKO) ირაკლი დოლაბერიძე.
2026 წლის 9-10 მაისს, ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში ბათუმი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს.